gallery images

საჭიროა 375 ხელმოწერა

125
500

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

სტუდენტების გზავნილი ხელისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით

საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები ვეხმაურებით 23 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მთავრობის მიერ ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია.

ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი განხორციელების ფორმებს, რაც არსებული კრიზისის აღმოფხვრის ნაცვლად, აძლიერებს მიმდინარე შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციას. აღნიშნული ქმედებებით მთავრობამ უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და მოწოდებები და ნაცვლად არაძალადობრივი მეთოდებით წარმოებული დიალოგისა, მიმართა აგრესიულ რიტორიკას, ამით კი მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, შეარყია მისი, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის აღქმადობა და შეაფერხა ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზაზე, რასაც ცხადყოფს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მძაფრი კრიტიკა აღნიშნული მოვლენებისადმი.

მიმდინარე დღეებში საბჭოთა ოკუპაციიდან შესრულებული 100 წლის თავზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამკვიდრება და ერთხელ და სამუდამოდ, საბჭოთა წარსულისა და ავტორიტარული მემკვიდრეობის ნიშან-თვისებების ჩამოცილება, ერთი მხრივ, ქვეყნის შიდა გაძლიერებისა და თავისუფალი ქვეყნის აღმშენებლობისთვის, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო მხრდაჭერის შესანარჩუნებლად, რაც დღეს მთავარი დასაყრდენია ოკუპანტის ძალის წინააღმდეგ პოზიციების შესანარჩუნებლად.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ:

  1. დარჩეს ერთგული ქვეყნის პროდასავლური კურსისა და არ განახორციელოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის საზარალო ქმედებები;
  2. პრიორიტეტად შეინარჩუნოს დემოკრატიის განვითარება და პატივი სცეს ხალხის გამოხატულ ნებას;
  3. ეწყვიტოს ზეწოლა სასამართლო ინსტიტუტებზე და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ობიექტური, პოლიტიკურად მიუკერძოებელი სამართალწარმპების პროცესებს;
  4. უარი თქვას ძალადობრივ რიტორიკასა და პოლიტიკურ დევნაზე, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და არსებული საკამათო საკითხების გადასაწყვეტად მხოლოდ იურიდიული და არაძალადობრივი გზები გამოიყენოს;
  5. დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილი კრიზისის განსახილველად და დასავლელი მედიატორების შუამდგომლობით, ოპოზიციასთან ერთად მიიღოს სიტუაციის განმუხტვის ორივე მხარისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებები;
  6. მოახდინოს საზოგადოების პოლარიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების პრევენცია, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში პანდემიის შედეგად დამდგარი უაღრესად უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური სურათიდან გამომდინარე.